''აჭარის მაუწყებელმა აჩვენა, რომ მხოლოდ ფინანსები არ განსაზღვრავს პროგრესს'' - ანა ნაცვლიშვილი

21 თებერვალი 2018, 00:00 2158 ნახვა

პრეზიდენტის სპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტში, სადაც უმრავლესობა ''მაუწყებლის შესახებ'' კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ცდილობს, განაცხადა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პროგრესირებს, რაც იმის დასტურია, რომ წარმატებისთვის მხოლოდ ფინანსები არ არის გადამწყვეტი. 

"ამ კანონპროექტს ემიჯნება აჭარის  საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისინი ამბობენ, რომ სხვა პრობლემები წინაშე დგანან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი  ისაა, რომ მაუწყებელს არ აქვს შენობა. მიუხედავად იმისა, რომ აქვთ სხვა პრობლემები და  გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელს,  მიაღწიეს პროგრესს და მიაღწიეს ამ პროგრესის საერთაშორისო აღიარებას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ფული საზმაუწყებელს ვერც ხარისხს და ვერც გაზრდილ ნდობას მოუტანს" - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

"ხომ არ გგონია, რომ რაც აჭარის ტელევიზიამ გააკეთა საზოგადოებრივ მაუწყებელზეც განმეორდება"  -  რეპლიკა მმართველი გუნდის წევრს ენძელა მაჭავარიანს ეკუთვნის - "ეს ერთი ორგანიზმია  და ხვალ ასეთივე წარმატება ექნება საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორსაც თქვენი აზრით აჭარამ მიაღწია. მერწმუნეთ თუ არ გიყურებენ და არ გკითხულობენ მედიასაშუალება არის მკვდარი" - განაცხადა მაჭავარიანმა. 

"ის, რაც შესძლო აჭარის მაუწყებელმა მინდა გადაედოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ უნდა გავიგოთ როგორ მოახერხა აჭარის მაუწყებელმა მოხვედრილიყო საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც წარმატებული მაგალითი. ეს უნდა გავიგოთ და შემდეგ განვიხილოთ, როგორ შეიძლება ეს მაგალითი გავრცელდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რადგან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხმა არ ისმოდა, ის არ იყო ჩართული ამ პროცესში. 

შეხვედრის დროს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართა, მაუწყებლის დირექტორმა თქვა, რომ კანონი აჭარის ტელევიზიის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. თქვა, რომ ისინი სხვა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგანან, უფრო მეტი, აჭარის მაუწყებელი ეთანხმება სხვა კერძო მაუწყებლებს, რომ ეს კანონი ახალ გამოწვევებს შექმნის საზოგადოებრივ მაუწყებლისთვისაც მედია ბაზარზე. ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, კანონის მიღებამდე მოხდეს ფაქტობრივი სურათის გაანალიზება და დანახვა. გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად გააზრებული, მანამ შეიცვლება საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს მიღებით დავარღვევთ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც გვაკისრია" -  განმარტა  ნაცვლიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი