სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისთვის შექმნილი და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი – ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. სწორედ ამ საბჭოში მიმდინარეობს ახლა დაპირისპირება.
ურთიერთბრალდებები ისმის უკვე მესამე დღეა. სამი დღეა უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებენ წევრები, თუმცა პროცესში ანა დოლიძე ვერ მონაწილეობს.
დოლიძე ამბობს, რომ მოსამართლეების მიერ აცილების მოთხოვნა მართული პროცესია მისი კრიტიკული დამოკიდებულებისა და არსებული კითხვების გამო. გასაუბრებების დაწყებამდე, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ სისტემა არის ჩაკეტილი და ზურაბ ადეიშვილის მიერ გამოზრდილი კადრები მართავენ ვითარებას.
“ადეიშვილის ნარჩენებზე” განცხადების გაკეთების გამო დოლიძე საბჭოს სხვა წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს და პრეზიდენტის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. დღეს გასაუბრების უმრავლესობა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. პროცესს უარყოფითად აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.