''მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის ოპტიმალური და გამართული სასაზღვრო პოლიტიკის არსებობა'' - ზურაბ პატარაძე

07 თებერვალი 2018, 00:00 2433 ნახვა

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ და მაქბულე ქოჩაქმა ისაუბრეს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის საკითხზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის კვლავაც ძველი წესით მიმდინარეობს და ეს ორი ქვეყნის წარმომადგენელთა კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობის შედეგია.

„მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის ოპტიმალური და გამართული სასაზღვრო პოლიტიკის არსებობა. მჯერა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი კონსულტაციების შედეგად მიღწეული იქნება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი შედეგი. კარგია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები საზღვარს კვლავაც ძველი წესით კვეთენ და მათ ამ მიმართულებით პრობლემები არ ექმნებათ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სარფის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე მოდერნიზების პროცესს. საუბრისას აღინიშნა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მგზავრებისა და ავტოტრანსპორტის გატარება უფრო გაიოლდება. „ეს ყველაფერი ჩვენს პრიორიტეტებში შედის“, - ხაზი გაუსვა გენერალურმა კონსულმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და თურქეთის გენერალურ კონსულმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობებზეც და თანამშრომლობის სფეროებიც განიხილეს. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

მაქბულე ქოჩაკი თურქეთის რესპუბლიკის კონსულად ბათუმში 2018 წლის იანვრიდან დაინიშნა.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში