სპორტი მთავარში

06 თებერვალი 2018, 00:00 2231 ნახვა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა. ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს ჩატარდება და მასში საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში 4 ლიცენზირებული სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ქვეყნის ღირსებას პიონგჩანგში იასონ აბარამაშვილი, ნინო წიკლაური,  გიორგი სოღოიანი  მორის ყვითელაშვილი დაიცავენ. სამთო-მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური პიონჩანგში დღეს გაემგზავრნენ,მოციგავე გიორგი სოღოიანი უკვე ოლიმპიურ სოფელში იმყოფება,მორის ყვითელაშვილი კი საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 9 თებერვალს შეურთდება.

ს. კ ბათუმის დინამო სამწვრთნელო შეკრების გასავლელად თურქეთში გაეგმზავრა, გუნდი ანტალიაში 22 თებერვლამდე დარჩება და 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გია გეგუჩაძის გუნდი შეკრებაზე პოლონურ რაკოვს,  ესტონურ ლევადიას და ყაზახეთის ჩემპიონატის ორ წარმომადგნელს, ირტიშსა და ტობოლს გაეჯიბრება. გუნდის "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, კლუბის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა. დამატებით დეტალებს თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, სპეციალურ წინასასეზონო პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი გააჟღერებს და იქვე მოხდება გუნდის ახალწვეულების წარდგენაც. დღეს ასევე ცნობილი გახდა ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2 -ის პირველი ტურის კალენდარი, ბათუმელები პირველ შეხვედრას სტუმრად თელავთან ჩაატარებენ.  
 
გუშინ ცნობილი გახდა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელსაც გასული წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ძალოსანი უნდა გამოევლინა. მამაკაცთა შორის პირველობა არავის დაუთმო ლაშა ტალახაძემ, გასული წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და მსოფლიოს რეკორდსმენმა 10 ათასი ხმა მიიღო და მეორეადგილოსან ეგვიპტელ სპორტმენს სოლიდური სხვაობით აჯობა. ქალთა შორის კი გამარჯვებული ესპანელი ლიდია ვალენტინა გახდა. აღნიშნული გამოკითხვა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე 31 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით გორში, თელავსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.  დღეს  სარემონტო სამუშაოების ფინალური ეტაპი  კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მიხეილ გიორგაძემ და კანადური სამშენებლო კომპანიის „ბეჰლენ ინდასთრი“ პრეზიდენტმა და მფლობელმა, პოლ კანინგემმა მოინახულეს. სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარს აღწევს. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, ხოლო ბათუმში დიდი დარბაზი 2 500 მაყურებელზეა გათვლილი. პატარა დარბაზები კი 500 გულშემატკივარს იტევს.  სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერების მოწყობაც იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში