"საერთოდ არ უნდა მოვუსმინოთ ამათ" - ქობულეთის საკრებულოში ოპოზიციის მოთხოვნებს პასუხობენ

29 იანვარი 2018, 00:00 2612 ნახვა

"საერთოდ არ უნდა მოვუსმინოთ ამათ" - ასე უპასუხა ქობულეთის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის მიერ დღის წესრიგში საკითხების ჩასმის მოთხოვნას მმართველი გუნდის დეპუტატმა.  მალხაზ რომანაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობთ არასამუშაო ფონი იყოს სხდომებზე და ხალხი შეიყვანონ შეცდომაში. "ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ხალხის პრობლემა არ გვაინტერესებს" - ასე დააზუსტა დეპუტატმა მოსაზრება, რატომაც არ უნდ ამოუსმინონ ოპოზიციას. 

მმართველი გუნდის დეპუტატის რეპლიკას დაპირისპირება მოყვა. "ქართული ოცნების" დეპუტატს  ოპოზიციური პარტიის წევრმა ლელა ვერულიძემ უპასუხა: "როგორ საუბრობთ, სად გგონიათ თავი ბაზარში?".

ქობულეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დღის წესრიგში სამი საკითხის დამატებას ითხოვდნენ. ისინი ქობულეთის მერისგან ოფიციალურ პასუხს ელიან სოფელ ოჩხამურში ხეების მოჭრის ფაქტზე, სოფელ ხუცუბანში ინერტული მასალის მოპოვებასა და წინასაარჩევნოდ, კომპანია "კრისტალ-ბილდინგის" მიერ ქობულეთში დაწყებულ მშენებლობის შესახებ, რომელზეც, მათი მტკიცებით, პრეტენზიები აქვთ ადგილობრივ მცხოვრებლებს. 

უმრავლესობის დეპუტატებმა დღის წესრიგში  საკითხების შეტანას მხარი არ დაუჭირეს, ოპოზიციას კი ურჩიეს კითხვები მერისთვის დღის წესრიგის შეტანის გარეშე დაესვათ.

"ნაციონალური მოძრაობის" მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს საზოგადოების მოთხოვნები არ აინტერესებს და ამიტომ არიდებენ თავს ამ საკითხებზე მსჯელობას და დღის წესრიგში შეტანას. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი