ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

24 იანვარი 2018, 00:00 3441 ნახვა

ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. საქმე ეხება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში აგვიტოში მომხდარ ინციდენტს.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 34 წლის კაცი სანადირო თოფით მოკლეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია რომ ბრალდებულმა ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, ორი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ‘’თავდამსხმელისგან გ.კ.-მ გაქცევით შეძლო თავის დაღწევა, ხოლო რ.ზ.-მ მრავლობითი დაზიანებები მიიღო წელის არეში. იგი გარდაიცვალა.’’

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა მკვლელობის იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, რომელსაც ინახავდა და ატარებდა.

‘’ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში, ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ლ. დამნაშავედ სცნო და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა  ’’ – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა ბრალდებული ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი