სასამართლომ ღოღობერიძე და ჩხვირკია 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულებად არ სცნო

10 იანვარი 2018, 00:00 4286 ნახვა

8 თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია სასამართლომ საქმის ძირითად ნაწილში გაამართლა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომლითაც პროკურატურა მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებოდა ბრალდებულებს არ დასტურდება. 

მამაისეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პროკურატურას ამ მუხლის შეფარდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა. 

თუმცა მოსამართლე თვლის, რომ ორივე ბრალდებულმა დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელმაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას  თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით შეუფარდათ. სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან, 23 აპრილიდან დაიწყება. 

11 მარტს ბათუმში მძღოლების აქცია დაიწყო, რაც დღის მეორე ნახევარში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, გვიან ღამით კი აქციაზე დარჩენილმა მცირე რაოდენობის მოქალაქეებმა პოლიციის შენობაზე შტურმი დაიწყო, დაწვეს ავტომანქანები, შენობას ესროდნენ ქვებს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა. დილის 6 საათამდე პოლიციამ აქცია ვერ დაშალა, გამთენიისას სპეცრაზმმა დააკავა რამდენიმე აქციის მონაწილე. 

11-12 მარტის მოვლენების საქმეზე სამართალდამცავებმა 21 ადამიანი დააკავეს, აქედან ორი არასრულწლოვანი.

18 დაკავებულმა მასობრივ არეულობაში მონაწილეობაში ბრალი აღიარა, არასრულწლოვნებს პირობითი სასჯელი დაეკისრათ. დანარჩენი 17 კი სასჯელს პენიტენციალურ დაწესებულებაში იხდის. მხოლოდ ერთი დაკავებული, ლაშა დეკანაძე არ აღიარებდა დანაშაულს და მასთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა. 

ლაშა დეკანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალის ძირითად ნაწილში უდანაშაულოდ სცნო, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, დეკანაძე წელიწადი და სამი თვე სასჯელს ხულიგნობის ბრალდებით მოიხდის. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. 

ორი კი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში იქნა ბრალდებული, ღოღობერიძე და ჩხვირკია ბრალს არ აღიარებენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში