'’ახალმა მერმა გამომიცხადა, რომ სამუშაო ხელშეკრულების ვადა ამომეწურა ‘’– გიორგი ჩხეიძე

29 დეკემბერი 2017, 00:00 3926 ნახვა

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მომავალი წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე ვეღარ იმუშავებს. გიორგი ჩხეიძეს ხელშეკრულება 31 დეკემბერს ეწურება. ამბობს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, ბათუმის მერი ახალ გუნდს წარადგენს.

‘’ახალმა მერმა გამომიცხადა, რომ მე პირადად სამუშაო ხელშეკრულების ვადა ამომეწურა. წარმატებებს ვუსურვებ მას მომავალ საქმიანობაში. ვიცით, რომ მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება. იდეის დონეზე არის, რომ ორი ააიპი, ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო და ‘’ბათუმის ავტოტრანპორტი’’ გაერთიანდება’’ - ამბობს გიორგი ჩხეიძე.

მას ჯერ-ჯერობით საჯარო სამსახურიდან შეთავაზება არ აქვს.

გიორგი ჩხეიძე აღნიშნულ თანამდებობაზე, 2014 წლის 16 სექტემბრიდან მუშაობს. ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.

‘’ჩემს მიერ შესრულებული სამუშაოების კუთხით, უკმაყოფილება არ გამოთქმულა. გათავისუფლების  ეს მიზეზი კრიტერიუმი არ ყოფილა. სააგენტოში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, რაც შეიძლება გარედან ისე კარგად არ ჩანდეს’’ - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გიორგი ჩხეიძემ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ტოვებს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელიც. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ნატალია ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მერიასთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს. ამის შესახებ კი ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე ინფორმირებულია.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი