საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გვიან ღამით სამშობლოში დაბრუნდა. პეტერბურგის მასტერსის ტრიუმფატორებს თბილისის აეროპორტში გულშემატკივრების დიდი არმია დახვდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთში გამართულ მსოფლიოს მასტერსზე 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლების მფლობელები: ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი გახდნენ, ვერცხლი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო - ვაჟა მარგველაშვილს ერგო.
ბათუმის საცხენოსნო კლუბმა, საქართველოს ღია ჩემპიონატზე 2 მედალი მოიპოვა. ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი ნიკა ხაბაძემ დაიკავა, ხოლო უფროს ასაკში მესამე ადგილზე გიორგი ჩხარტიშვილი გავიდა. ბათუმის საცხენოსნო კლუბი სტამბოლის საერთაშორისო ტურნირისთვის აგრძელებს მზადებას, რომელიც მომავალი წლის ივნისში გაიმართება.
ხელვაჩაურის კულტურის სახლში საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა. გათამაშების მთავარი მიზანი ბავშვებში ჭადრაკის სიყვარულის დანერგვა და სპორტის ამ სახეობაში ცოდნის გაღრმავება იყო. ტურნირი მესამე წელია ხელვაჩაურის მერიის ძალისმხევით ხორციელდება და მასში წელს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 49 აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა.
ბავშვთა საფეხბურთო გუნდ „გონიო აფსაროსს“ ადგილობრივმა ბიზნესმენმა მანუჩარ ბაკურიძემ საჩუქრად ეკიპირება და ბურთები გადასცა. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, გუნდი სამწვრთნელო ინვენტარის დეფიციტს განიცდის, რის გამოც ბავშვები სრულყოფილ მომზადებას ვერ გადიან. მოუწესრიგებელია ასევე მოედნის საფარიც. ეკიპირების გადაცემის შემდეგ, გონიო აფსაროსმა ამხანაგური შეხვედრა გამართა.