შსს - ‘’უწყების წარმომადგენლებს გამოვლენილი და დაკავებული ჰყავს მკვლელობის 2 ძირითადი ფიგურანტი’’

04 დეკემბერი 2017, 00:00 4194 ნახვა

‘’მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანის გამოძიებას ჩაბარდა. გამოვლენილი და დაკავებულია მკვლელობის 2 ძირითადი ფიგურანტი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული დანაშაულში მონაწილე სხვა პირები.’’ - წერია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების წარმომადგენელთა განმარტებით, საქმეში ჩართული დანარჩენი პირების სტატუსის განსაზღვრა/გადაკვალიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება.

‘’აღსანიშნავია, რომ დღეს სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ, ლ.დ.-ს მკვლელობაში ბრალდებულს, არასრულწლოვან გ.ბ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეორე არასრულწლოვანს - გ.ჯ.-ს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოძიების პროცესში თითოეული სამართალდამცველის მიერ გათვალისწინებული იყო საქმის სენსიტიურობა, მასში არასრულწლოვნების მონაწილეობის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა პოლიციელს, რომელთა 24-საათიანმა, ინტენსიურმა მუშაობამ უზრუნველყო საქმის გამოძიება და ბრალდებულების დაკავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად იმუშავებს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის გატარებაზე, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა’’ - წერია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი