პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა სამთავრობო ცვლილებას, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან გაერთიანებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა.
სამინისტროს გაუქმება ან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიერთება ერთიანად მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც სამთავრობო გუნდის წევრებისთვის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამინისტროების რეორგანიზაციის გეგმას მხარი არც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დაუჭირა.
დეპუტატები ამბობენ, რომ სამინისტროების გაერთიანების ინიციატივაზე საკმარისი არგუმენტები მთავრობას არ აქვს და მათთვის ოპტიმიზაციის გეგმა არადამაჯერებელია. კომიტეტის წევრები ითხოვენ, სამ თვეში, მთავრობამ რეორგანიზაციის დეტალური გეგმა წარუდგინოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
კომისიის სხდომას გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წევრებიც ესწრებოდნენ. 'მწვანე ალტერნატივის' წევრი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები აქვს გარემოს დაცვის კუთხით და ამ ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ზედამხედველობითი ფუნქციების განხორციელება სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გარემოს დაცვის ფუნქციების გადანაწილება ხელს შეუშლის კოორდინირებულ მუშაობას.
მიუხედავად გარემოს დაცვის ერთსულოვანი პოზიციისა, საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომის დღის წესრიგში მაინც დადგება და კენჭისყრაზე გავა, რადგან პარლამენტში ცვლილებების პაკეტი ერთობლივად შევიდა.
პრემიერ მინისტრმა სამინისტროების რესტრუქტურიზაციის შესახებ განცხადება 19 ნოემბერს გააკეთა.