‘’იაფი სახლის პროექტი, ურეხის მოხუცებულთა სახლის რეაბილიტაცია, ექვს შვილიან ოჯახებისთვის ბინების გადაცემა და მოუწესრიგებელი სამშენებლო რეგულაციები - ეს ის პროგრამებია, რომლებიც არ შესრულდა’’ - განცხადება კობა ჩხეიძემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი მოწვევის საკრებულო ბათუმისთვის ბევრ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს.
შეუსრულებელ პროექტებზე რესპუბლიკელმა თემურ ყურაშვილმაც ისაუბრა. ‘’იმედია მალე დაიწყება 21-ე ბაღის რეაბილიტაცია, ამის პირობა გიორგი ერმაკოვმა თანამდებობაზე დანიშვნის დროს დადო. მერმა მაშინ თქვა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებას 1 წელში დაიწყებდა, დაპირება კი არ შესრულდა’’ - განაცხადა ყურაშვილმა.
ბათუმში მგზავრთა გადაყვანაზე შეღავათი წესდება. ცვლილების თანახმად მგზავრობის განსხვავებული ტარიფით პედაგოგები და მოსწავლეები ისარგებლებენ. საკითხს ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ასევე, დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 5 საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორისაა სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალისთვის ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცება.