‘’ლეიბორისტული პარტიისა’’ და ‘’ქართული ოცნების’’ მხარდამჭერებს შორის ინციდენტი მოხდა. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე, ვარდების სკვერში განთავსებულ საარჩევნო დაფებთან სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. მისი მტკიცებით, ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ‘’ლეიბორისტული პარტიის’’ წარმომადგენელს სიტყვირი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ახალგაზრდები ნერვებზე არიან, არჩევნებამდე ორი დღე დარჩა. ნერვებს ვერ თოკავენ. ჩვენი პარტიის პლაკატებზე გადააკრეს. რომ შევხედე ჩემი პლაკატებიც ძალიან ბევრია გაკრული. ჩემი ხელით ჩამოვხიე რამდენიმე პლაკატები. თუ მერად ამირჩევენ ქალაქში პლაკატომანია აიკრძალება. გინება და შეურაცხყოფა საჭირო არ არის. თუ ჩემმა წარმომადგენელმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა ბოდიშს ვიხდი. „ქართული ოცნების’’ პლაკატები არის, სხვა ყველა ჩამოხეულია - განაცხადა ლეიბორიტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატმა ჯელალ ქიქავამ.
,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი განმარტავს, რომ ნებისმიერი ინციდენტი პარტიების წარმომადგენლებს შორის მიუღებელია. ლაშა კომახიძის თქმით, არჩევნების პერიოდში ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი მსგავს შემთხვევებსა და აბსურდულ ბრალდებებს თავის სასარგებლოდ იყენებს.