”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის წინასაარჩევნო შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას საგანგაშო მასშტაბებისთვის არ მიუღწევია, თუმცა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა, ერთ-ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციების საარჩევნო პროცესებში ჩართვაა.
პირველი ივნისიდან 10 ოქტომბრამდე ორგანიზაციამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ცენტრალურ და სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიაში 16 საჩივარი შეიტანა. მათგან ერთი დაკმაყოფილდა, 5 განხილვის პროცესშია, 10 კი არ დაკმაყოფილდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განმარტებით, ყველაზე პრობლემური საჯარო მოხელეების მობილიზაციაა.