„რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც შეიარაღებას ასევე არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს. ზღუდავს მათ გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს ისეთ ჰუმანურ შესაძლებლობებს, როგორიცაა წვდომა განათლებასთან და ჯანდაცვასთან“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი თქმით, ამას ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია.
პრეზიდენტის თქმით, რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, საქართველო რუსეთის პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანას არჩეული აქვს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინება. რაც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.
”მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო ან ჰიბრიდული ომის მეშვეობით, ან პირდაპირი აგრესიის მეშვეობით არის რუსეთის მხრიდან ოკუპირებული და დაზარალებული, ჩვენს ქვეყანას არ შეუმცირებია პასუხისმგებლობა როგორც საერთაშორისო მოთამაშეს. ჩვენ ამას სიამაყით ვამბობთ, საქართველოს შეიარაღებული ძალები უაღრესად მაღალი კვალიფიკაციით და მონდომებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში და დღეს საქართველო არის როგორც ნატო-ს მოკავშირე ქვეყანა როგორც ავღანეთში, ასევე არის ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა აფრიკაში და ჩვენი ჯარისკაცები ახორციელებენ თავიანთ მისიას”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.