ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

27 აგვისტო 2017, 00:00 1919 ნახვა

ჩამოვარდნილ ვერტმფრენს შემოწმება 2 დღის წინ ჩაუტარდა. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია.

იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა. პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8“ - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.-ნათქვამია განცხადებაში

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი