შსს განცხადება

27 აგვისტო 2017, 00:00 2760 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას - ''ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა. 

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა. 

პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8“ - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო''.

ამავე კატეგორიაში