აქცია საქართველოს რკინიგზასთან

24 აგვისტო 2017, 00:00 2671 ნახვა

ხმაური იყო საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი, მათ შორის „აუდიტორია 115“-ის წევრები, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს მოშიმშილე რკინიგზელებს, საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათი განცხადებით, საქართველოს რკინიგზის ოფისი რკინიგზელების საკუთრებაა და მოშიმშილე რკინიგზელებს უნდა მისცენ საშუალება, რომ ისინი შევიდნენ ფოიეში. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. დაკავებულია „აუდიტორია 115“-ის წევრი ირაკლი კუპრაძე და პროფკავშირების წევრი გიორგი დიასამიძე.

ახალი პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობის აქცია უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს და 16 ადამიანი შიმშილობს. ისინი რკინიგზელებისთვის სამუშაო პირობების ცვლილებას აპროტესტებენ და რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის ვასილ ხორავას გადადგომას მოითხოვენ. მათი განცხადებით ამ დრომდე ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. აქციის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს რკინიგზამ. “სამწუხაროდ ირაკლი პეტრიაშვილი აგრძელებს პროვოკაციების მოწყობას საქართველოს რკინიგზასთან, მათ ვერ შეძლეს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და დღევანდელ აქციაზე, რომელსაც მხოლოდ მათი აქტივისტები ესწრებოდნენ სცადეს საქართველოს რკინიგზის შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრა, რაც პოლიციის აქტიური მოქმედებებით იქნა აღკვეთილი” - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში