შესაძლო დივერსიაზე მსჯელობდა დღეს საქართველოს პარლამენტის უმცირესობა. პარლამენტარები საგამოძიებო კომისიის შექმნის და ყველა შესაძლო ვერსიის განხილვის ინიციატივით გამოდიან. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 116 ხმით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება დამტკიცდა.
პრემიერის მიმართვის საფუძველზე, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, ბრძანება გუშინ გამოსცა. ბორჯომში, ოპერაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო და პირველი ქვეითი ბრიგადები, ასევე ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლები შეუერთდნენ.