19 წლამდე ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც წელს საქართველოში ტარდება ჯგუფური ეტაპი დასრულდა და იმ 16 გუნდის ვინაობა გაირკვა ვინც პლეიოფში იასპარეზებს, სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა და პრეზიდენტის თასისთვის ბრძოლაში გადაერთვება სადაც ჩვენი მეტოქეები ჯგუფური ეტაპის ბოლო ადგილოსანი გუნდები იქნებიან. პლეიოფში კი წყვილები ასე გამოიყურება: გერმანია-დანია, ტუნისი-პორტუგალია, რუსეთი-სამხრეთ კორეა, საფრანგეთი-ჩილე, ესპანეთი-პოლონეთი, იაპონია-ეგვიპტე, სლოვენია-ხორვატია და შვედეთი - ისლანდია. პლეიოფის ეტაპი სტარტს ხვალ აიღებს. 19 წლამდე ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი 20 აგვისტოს გაიმართება.
ბათუმელ მოჭიდავე - რამაზ ზოიძეს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებისგან კიდევ ერთ ტიტულს მიიღებს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ფალავანს ამა წლის აპრილში, უნგრეთში ჩატარებული 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცემა. საქმე იმაშია რომ აღნიშნულ ტურნირზე, 71 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი მოჭიდავე აზერბაიჯანელ ისლამბეკ დადოვთან დამარცხდა, თუმცა მოგვიანებით დოპინგ სკანდალში გაეხვა და ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. შედეგად ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ბაზაში გამარჯვებულად უკვე რამაზ ზოიძეა მითითებული. შეგახსენებთ რომ ზოიძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის და უკვე შეიძლება ითქვას რომ ამდენივე ოქრო აქვს ევროპის ჩემპიონატზეც.
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში იასპარეზებს. 77-48 ამ ანგარიშით მოუგეს დღეს ქართველმა ახალგაზრდებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში კოსოვოს ნაკრებს. ჩვენს გუნდში ორმაგი დუბლით ირაკლი სულხანიშვილი გამოირჩა, რომელსაც 15 ქულა და 11 მოხსნა დაუგროვდა. ჯერჯერობით უცნობია მეტოქის ვინაობა შემდეგ ეტაპზე. შეგახსენებთ რომ პლეი-ოფის შეხვედრები 17 აგვისტოს დაიწყება და „ა“ დივიზიონის საგზურს სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.
ამ წუთებში სრულდება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველი მატჩი აზერბაიჯანის ყარაბახსა და დანიურ კოპენჰაგენს შორის და მალე დაიწყება დღის ცენტრალურ დაპირისპირებად მონათლული გერმანული ჰოფენჰაიმის და ინგლისური ლივერპულის შეხვედრა. რაც შეეხება დანარჩენ სამ მატჩს: აპოელი პრაღის სლავიას უმასპინძლებს, სპორტინგი სტიაუას და იანგ ბოისი მოსკოვის ცსკა-ს. საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 მატჩია ჩანიშნული ხვალ: ბაშაქშეჰირი-სევილია, ნაპოლი ნიცა, სელტიკი ასტანა, აპოელბიერშევა-მარიბორი და ოლიმპიაკოსპიროსი-რიეკა. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის განმეორებითი მატჩები 22-23 აგვისტოს გაიმართება.
ჯანლუიჯი ბუფონი, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ მოხვდნენ უეფას შორთლისტში წლის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინაციაში. გამარჯვებულის ვინაობა 24 აგვისტოს მონაკოში გაჟღერდება, სადაც 2017/18 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის კენჭისყრა ჩატარდება. ეს სამი ფეხბურთელი 80 მწვრთნელის და 55 სპორტული ჟურნალისტისგან მიერ შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია. ათეულში ასევე მოხვდნენ ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, პაოლო დიბალა, სერხიო რამოსი, კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.