თავდაცვის მინისტრი გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტამდე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიების დეტალებს გაეცნო. მინისტრი საგამოძიებო ჯგუფს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით დაუკავშირდა. თინათინ ხიდაშელი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე წარმოებული გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა. ელჩის და საგამოძიებო ჯგუფის წევრის ინფორმაციით, საქართველო არსებული ბრალდებების საპასუხოდ გამოძიების დროულად წარმართვისთვის დადებით შეფასებებს იღებს როგორც ცენტრალური აფრიკის მთავრობისგან, ისე გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლობისგან. ქართული საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქმიანობას 6 ივნისიდან შეუდგა. შეგახსნებთ, უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა.