ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

01 აგვისტო 2017, 00:00 2321 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ქვეყნის უსაფრთხოება, ნატოში გაწევრიანების საკითხები, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორები - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც მაიკ პენსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას აგრძელებს. „გზავნილები, რომელიც მაიკ პენსმა საქართველოში ჩამოიტანა არის მკაფიო და ნათელი. ამერიკა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობას მხარს უჭერს.“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ისაუბრეს. ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნას სხვადსხვა მეთოდებით ცდილობს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ შეხვედრა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო.

შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული აუდინციის დროს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მაიკ სპენსს უკვე დეტალური ინფორმაცია ექნება.

შეხვედრაზე არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ. შალვა შავგულიძემ მთავარი აქცენტი მმართველი გუნდის მხრიდან  ძალაუფლების  ჭარბ კონცენტრაციაზე გააკეთა. 

შეხვედრას მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „თავისუფალი დემოკრატებისა“  და „შენების მოძრაობის“ ლიდერები ესწრებოდნენ. „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, ამერიკის ვიცე პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მოწვეულები არ იყვნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი