ქედის გამგებლობის კანდიდატი სავარაუდოდ ლევან გორგილაძე იქნება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გორგილაძე ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ადასტურებს, რომ შეთავაზება აქვს და ამ საკითხზე მასთან “ქართული ოცნება” კონსულტაციებს მართავს. ლევან გორგილაძე ამბობს, რომ კონსულტაციები სხვა შესაძლო კანდიდატებთანაც იმართება, თუმცა ის მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. ლევან გორგილაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, იგი გარკვეული დროის განმავლობაში მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა.
ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობის კანდიდატად სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლაშა კომახიძეს დაასახელებს. იგი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ასევე ჩვენი ინფორმაციით, ქობულეთის გამგებლობის კანდიდატი სავარაუდოდ მირიან ქათამაძე იქნება. აჭრის განათლების მინისტრის მოადგილე ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.