არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ხელს სავარაუდოდ 8 ივნისს მოაწერს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება ”საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე - 8 ივნისიდან გადავიდეს.