დანიშვნიდან 5 თვეში, კახაბერ ბუხრაძე აჭარის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. იგი ქვემო ქართლის პოლიციას უხელმძღვანელებს. საკადრო ცვლილებების აუცილებლობას, 11-12 მარტის აქციის შემდეგ, მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი ვერ ხედავდა. ამის მიუხედავად არაერთი საკადრო გადაადგილება განახორციელა.
რა გახდა ამის მიზეზი? ამ კითხვაზე შსს-ს პრესსამსახურში არ გვპასუხობენ. ვინ ჩაანაცვლებს ბუხრაძეს, ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, საუბარია რუსთავის პოლიციის უფროს ლევან მაისურაძეზე. რა გამოხმაურება მოჰყვა როტაციის პრინციპით ერთ-ერთ ყველაზე მოკლე დროში განხორციელებულ ცვლილებას?
ბათუმის პოლიციამ, საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტს დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის რამაზ ხიმშიაშვილის და ჯიმი ვარშანიძის, წაგებული საქმეები, ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოშიც წააგო. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საქმეები, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.