20 ივნისის ღონისძიების საქართველოში ჩატარება როდესაც იგეგმებოდა, შსს-ში მოვიდა რუსეთის მოქალაქეთა სია, დაახლოებით 10-12 ადამიანი, რომელთა შემოსვლაც იყო დაგეგმილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სუს-მა მაშინ კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, სიაში ბევრად ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი.
„ეს ხალხი იყო ყველა „დაბრაკული“. მათ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს არ ჰქონდა კანონი დარღვეული, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ეს კაცი არ შემოგვეშვა. ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ. ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები. ამ ხალხის შემოსვლაზე კატეგორიულად განვაცხადეთ უარი. იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, რადგან ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა. ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე.
თქვენ კი ამბობთ, ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან? მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის სავარძელში? ეს ღონისძიება იყო საერთაშორისო და ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანა და უნდა შემოვიყვანოთო. მაინც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით. მერე თქვეს, რომ ვიღაც სხვა იქნებოდა ამ კონფერენციის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ამასთან, გიორგი გახარია აცხადებს, რომ არ ახსოვს, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს ბრძანებებს რომელი ოთახიდანაც გასცემდა, იმყოფებოდა თუ არა იქ ნინო ლომჯარია.
„იცით, იქ რამდენი ადამიანი იყო? ბევრი ხალხი იყო, სულ არ მახსოვდა, იქ ლომჯარია რომ იყო. თქვენთვის დიდი ვინმეა ლომჯარია? ლომჯარია თქვენი არჩეულია, ლომჯარია მაშინ იყო სახალხო დამცველი. მე გითხარით, რომ არ მახსოვს, იყო თუ არა იქ ლომჯარია, შეიძლება იყო, შეიძლება არ იყო“, – განაცხადა კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიამ.