განხილვების დროსაც გამოვლინდა, რომ ღალატის დანაშაული განგრძობითია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
„ღალატი არ არის ერთჯერადი მოვლენა, ვიღაცამ ღალატი ჩაიდინა და შემდეგ პატრიოტი გახდა. ეს განგრძობადი დანაშაულია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადის. აქ არ იგულისხმება მხოლოდ რაღაც პარტიული სტრუქტურა, ეს მთელი ქსელია, რაღაცნაირად პოლიტიკურად შეკავშირებული ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადიოდა სისტემურ დანაშაულებს და უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს აგრძელებს დანაშაულებს. ერთი დღე არ იქნება კალენდარში 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც ისინი ძირს არ უთხრიდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, ძირს არ უთხრიდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს არ უთხრიდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეისწავლის თუ არა პროკურატურა ყველას საქმეს, ვინც უარს განაცხადებს საპარლამენტო კომისიაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით და ხომ არ დაძაბავს ეს პოლიტიკურ გარემოს კიდევ უფრო მეტად, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს თავისთავად ასე იქნება, ვინც უარს იტყვის გამოცხადებაზე.
„მათ ხელშია ყველაფერი. არის კანონი და ყველამ ძალიან კარგად იცის, რა არის კანონი. შესაბამისად, ვინც კანონს არღვევს, იქ პასუხისმგებლობაც იქნება. ეს, რა თქმა უნდა, პრინციპული საკითხიც არის, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოზე, საქართველოს პარლამენტზე და ვსაუბრობთ მის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფუნქციაზე, რაც არის საგამოძიებო კომისია, რომელსაც შეუძლია, ფაქტობრივად, ყველა საკითხის შესწავლა, ყველა სიღრმეში ჩასვლა; არ არსებობს საკითხი, რომელსაც ვერ შეისწავლის და არ არსებობს საიდუმლო, რომელშიც ვერ ჩაიხედავს საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია. ამიტომ მისი ობსტრუქცია და საბოტაჟი არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ასეთი პრეცედენტის დაშვებაც კი უკვე თავად არის ნაბიჯი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც რამდენიმე პოლიტიკოსმა ახლა ჩაიდინა, როცა არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიაში. ბოლოსდაბოლოს, აკვირდებიან ეს დღეები ახლა და სხვები რომ იყვნენ ამ კომისიაში, არ უსმენდნენ? ისინი რამით ნაკლები არიან ამ ადამიანებზე, რომ თვითონ არ კადრულობენ, მივიდნენ საგამოძიებო კომისიაში? ეს არის კანონის დარღვევა და კანონი ყველამ იცის. საგამოძიებო კომისიამ გადაუგზავნა პროკურატურას და ახლა უკვე პროკურატურის ხელშია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ყოველივე ამაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, როგორ ხედავს პრაქტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვის პროცესს იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოცემულობა ქართული პოლიტიკისთვის სრულიად ახალია, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ახალი არ არის და საქართველოს ისტორიაში ერთხელ უკვე მოხდა პარტიის აკრძალვა.
„ეს იყო კომუნისტური პარტია რომ აიკრძალა. სწორედ იმიტომ, რომ პარტიას ჰქონდა შექმნილი ტოტალიტარული რეჟიმი საბჭოთა კავშირის დროს და ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც შექმნა რეჟიმი წამების, რეჟიმი ბიზნესის რეკეტის და რეჟიმი საქართველოს სუვერენიტეტის დაქვეითების. ასე რომ, თავისთავად ბუნებრივია ეს რეაქცია. რაც შეეხება პრაქტიკაში როგორ ვხედავთ, საკითხი ძალიან მარტივია, არაფერი სიახლე არ არის. ეს არის მემკვიდრე პარტიის პრინციპი, რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს, როდესაც პარტიის აკრძალვა ხდება, ვინაიდან სხვა შემთხვევაში აზრს დაკარგავდა პარტიის აკრძალვა. წარმოვიდგინოთ ახლა, რომ არსებობს პარტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიდის ზუსტად კონსტიტუციური პრინციპის წინააღმდეგ, ის გაუქმდა და ამ პარტიაში არის, ვთქვათ, ასი ადამიანი. „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითი რომ ავიღოთ, ვთქვათ, გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ, მაგრამ ადგეს ეს ასი ადამიანი, მივიდეს საჯარო რეესტრში და დარეგისტრირდეს ახალ პარტიად, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ აზრს უკარგავს სამართლებრივ ინსტრუმენტს, რასაც ჰქვია პარტიის რეგისტრაციის გაუქმება და მისი გაუქმება?! ამიტომ ეს თავისთავადი პროცესია. ერთადერთი, ჩვენ კანონმდებლობაში ამის სამართლებრივი მექანიზმი, პროცედურები არ იყო გაწერილი, მნიშვნელოვანია, გაწერილი იყოს და ესეც არის ინიცირებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, აუქმებს პარტიას და შემდეგ, თუკი წარმოიშვა გარკვეული მემკვიდრე პარტია არსებითად იმავე შემადგენლობით, იმავე პოლიტიკური კონცეფციით თუ პლატფორმით, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვით, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, არის თუ არა ეს მემკვიდრე პარტია და იმ შემთხვევაში, თუ ამას დაადგენს, აკრძალავს ამ პარტიასაც.
„ჩვენმა მოქალაქეებმა შევქმენით ეს კანონმდებლობა, რომ პარტიების ადგილი, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან, არ არის პოლიტიკურ ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავტოვოთ არანაირი ხვრელი, რომ შემდეგ სააკაშვილის მსგავსმა ავანტიურისტებმა შეძლონ და სხვანაირი პარტია ჩამოაყალიბონ, სხვანაირი სახელი დაარქვან და გადაფუთონ, რაშიც ისინი ოსტატები არიან. ამას არ აკეთებენ მთელი ეს პერიოდი?! ხან დაირქმევენ „დროას“, ხან დაირქმევენ „ლელოს“, ხან დაირქმევენ „გირჩს“ და ხან – რას. ნიღბების შეცვლა მათ ძალიან კარგად ეხერხებათ და სწორედ ეს არის ამოცანა შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომ დაადგინოს, ეს არის სინამდვილეში ასლი, გაგრძელება და მემკვიდრე იმავე პარტიის, იგივე ადამიანები, იგივე პოლიტიკური კონცეფციაა ამ პარტიაში თუ არა და, რა თქმა უნდა, შემდეგ ამ პარტიის გაუქმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.