ყოველთვის ვახერხებდით საბრძოლო მოქმედებების აცილებას, ასე მოვახერხეთ 2006 წელს, როცა ბრძოლის ზღვარზე ვიყავით, დარწმუნებული ვარ, ასე უნდა მომხდარიყო 2008 წელსაც - ზურაბ ნოღაიდელი

26 მარტი 2025, 16:34 320 ნახვა

ყოველთვის ვახერხებდით საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილებას, ასე მოვახერხეთ 2006 წელს, როცა ბრძოლის ზღვარზე ვიყავით, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ასე უნდა მომხდარიყო 2008 წელსაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომელიც 2003-2004 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი და 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

"თავდაცვა, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა იყო პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება და შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის მარტო ეს განცხადება კი არა, არც ერთი განცხადება ჩემთან შეთანხმებული არც იყო და არც უნდა ყოფილიყო. მიდგომებს თავისთავად ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო ძალიან უსარგებლო, სრულიად არასაჭირო განცხადება. ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ არანაირ ახალ წელს ცხინვალში არ შეხვდებოდა ირაკლი ოქრუაშვილი და დღეს ხომ მით უმეტეს, კარგად ვიცით. ეს ერთი განცხადებაა, თორემ კრიზისი რეალურად ამ თემის ირგვლივ მუდმივად იყო საქართველოში იმ პერიოდში, ასეთი არასაჭირო მოქმედებები და განცხადებები ერთი არ იყო, მრავალი იქნებოდა, სხვა, ბევრად უფრო რთული და კრიზისული საკითხებიც იყო. ერთხელ კინაღამ ვიყავით კიდეც ბრძოლის ზღვარზე, რისი შეჩერება ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ძლივს მოავხერხეთ, 2006 წელს. შესაბამისად, ასეთი კრიზისები, არასაჭირო, არასასარგებლო, სრულიად კონტრპროდუქტიული განცხადებები მარტო ერთი არ ყოფილა სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კრიზისი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყოველთვის ვახერხებდით საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილებას, რაც ასევე 2008 წელსაც, სრულიად დარწმუნებული ვარ, უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასმულ შეკითხვაზე, თუ ჰქონია მაშინდელ პრეზიდენტთან აზრთა სხვადასხვაობა მაინც, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ კონფლიქტი და ჩხუბი ჰქონდათ ბევრი, ბევრჯერ და ხშირად.

„ძირითადად ეკონომიკაზე, ფინანსებზე და ა.შ. მაგრამ პარალელურად, მაგ საკითხებზეც. შეიძლება, უშუალოდ ცხინვალის რეგიონს არ შეეხებოდა, მაგრამ ასეთი საკითხი ბუნებრივია, ბევრი იყო. მათ შორის ცხადია, კამათი გვქონდა ამ საკითხზეც, ეს განცხადებები, რომელიც სრულიად არასაჭირო იყო, მაგრამ ამაზე უფრო სხვა მნიშვნელოვანი, ღრმა საკითხებიც იყო. რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, არც კი ვიცი. 2006 წლის კონფლიქტზე, უშუალოდ ზუსტი პერიოდი არ მახსოვს, ოქრუაშვილის გადადგომას მოჰყვა ეს კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და ფაქტობრივად, ჩვენ ვიყავით შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა ჩხუბით. პრეზიდენტთან ვიჩხუბე, ვისთან უნდა მეჩხუბა. ხელჩართულ ბრძოლაში კი არ გადავსულვართ, მაგრამ დარწმუნებით. ვერ გეტყვით, თავდაცვის მინისტრთან ერთად რა გეგმა ჰქონდა, მასთან არ მისაუბრია. მე ვხედავდი, რომ მიდიოდა სერიოზული მოძრაობა სერიოზული დაძაბულობოსკენ. თქვენ აღნიშნეთ, რომ ბევრი იყო დაძაბულობები, ერთი კომისია და ერთი პარლამენტის ვადები შეიძლება, არ ეყოს. აქ საუბარია ძალიან მნიშვნელოვან კონფლიქტზე. ჩვენ ამ დროს ვიყავით ზღვარზე. მე ამ სიტუაციას 2008 წელთან იმიტომ კი არ ვადარებ, რომ თავი მოვიწონო, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თავიდან აცილებადი იყო და მაშინ ამის თავიდან აცილება მოხერხდა. არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ მე ასეთი ძალიან მაგარი ბიჭი ვიყავი, ცხადია, მაგრამ იმ მომენტში მოხერხდა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, სოზარ სუბარმაც ამ ამბების შესახებ იცის.

მე არ მგონია, რომ მხოლოდ ჩემი დამსახურებაა, ვერ იქნებოდა მხოლოდ ჩემი დამსახურება. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ კომპლექსური საუბრების შედეგი იყო. ჩაერია თუ არა უცხოური ძალა, ჩვენი პარტნიორები, სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში