მოსახლეობის გაყვანაზე გამოითქვა მოსაზრება, როცა რუსეთს დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით - ვაშაძე წულუკიანს

26 მარტი 2025, 13:33 311 ნახვა

მოსახლეობის გაფრთხილება არ იყო ჩემი პირდაპირი ფუნქცია. სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე მე რამდენჯერმე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებდა, რომ ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბჭდილება შეიქმნებოდა, რომ საქართველოც ომისთვის ემზადებოდა და გაჰყავდა მოსახლეობა. გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც მაშინ მოსახლეობის გაყვანაზე გამოითქვა.

გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნული განცხადებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას, რომლის თანახმადაც:

„2008 წელს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე თქვენ განაცხადეთ, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულში. თქვენივე ახსნა-განმარტების თანახმად, 4 აგვისტო არის ორმხრივი საომარი მოქმედებების დაწყებამდე ის ყველაზე ადრინდელი დღე, როცა თქვენ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა და ვვარაუდობ, მით უფრო სამართალდამცველმა ორგანოებმა უკვე დაინახეს, რომ იმ რეგიონის ერთ-ერთ სოფელში „მასირებული შეტევა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან“. შემდეგ ამბობთ, 7 აგვისტოს, მე ჩემი ხელით დავწერე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ჩავწერეო, რომ რუსეთმა როკის გვირაბაში შემოიყვანა ტექნიკა. თქვენც კი, რომელსაც პირდაპირ არ გევალებოდათ, გცოდნოდათ, რუსეთის რომელი შეიარაღება სად არის, სად რა დარტყმებია, უკვე იცით, რომ არათუ დაძაბულობაა, არამედ სამხედრო მოქმედებებთან გვაქვს საქმე. ვინ შეგატყობინათ სოფელ ნულზე მასირებული თავდასხმის შესახებ? 7 აგვისტოს სად იყო რუსული ტექნიკა, საიდან იცოდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? შედგა თუ არა მსჯელობა, რომ მახეში არ აღმოჩენილიყო ჩვენი მოსახლეობა, რომელთაგან უმრავლესობა დაიღუპა, ხშირ შმეთხვევაში, დაღუპულთაგანი არ იყო ბრმა ტყვიით გარდაცვლილი - დახვრიტეს“ - ჰკითხა წულუკიანმა.

გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის გაფრთხილებასთან დაკავშირებული საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასვა.

„ქალბატონო თეა, თქვენ 4 აგვისტო ახსენეთ. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა, თან იმ კალიბრის იარაღით, 82 და 122 არტილერიით, რომელიც ყველა შეთანხმებით კატეგორიულად აკრძალული იყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეტანა. ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან – მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საგაროე საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა ამ უკვე დაწყებული ომის დიპლომატიურ ასპექტს. როდესაც დავხურავთ სხდომას, მოგცემ ინგლისურად ორ დოკუმენტს და აგიხსნით, საიდან რა ვიცოდი.

რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო, როგორც თქვენ გესმით და სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო. საკითხი იყო, საჭიროების შემთხვევაში მივხედავთო, მაგრამ მეორე მხრივ, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არდაწყებულიყო. და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც გამოითქვა მაშინ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში