გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

06 მარტი 2025, 11:31 126 ნახვა

გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურამ ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა და მის მიმართ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, რადგან პროკურორის განცხადებით, მან ქვეყანა უკანონო გზით დატოვა და დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა. ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 2 500 000 ლარი ჰქონდა შეფარდებული.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბაჩიაშვილმა დაარღვია გირაოს პირობები და, შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაჩიაშვილის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა იქნეს გამოყენებული.

რაც შეეხება ბაჩიაშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც დაყადაღებულია, პროკურორის თქმით, გირაოს პირობების დარღვევისა და მისი ამოღების მიზნით, აღსასრულებლად უნდა მიეცეს შესაბამის ორგანოს.

გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს, ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში