მზია ამაღლობელის დაცვის მხარე წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

05 მარტი 2025, 16:09 151 ნახვა

მზია ამაღლობელის დაცვის მხარე წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  ამაღლობელი სასამართლომ დაცვის უფლების გარეშე დატოვა , რასაც 5 დღის ვადაში გაასაჩივრებენ.

"ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მზია ამაღლობელის უფლებების დასაცავად ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე ",- წერია საია-სგანცხადებაში. 

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ იმსჯელა.

"სასამართლომ მზია ამაღლობელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიცია იმის შესახებ, რომ აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის საფუძვლით, კიდევ ერთხელ სრულიად დაუსაბუთებლად მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება. ბრალდების მხარე ამ არგუმენტს კვლავ ამყარებდა მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების ფაქტით, რომლის უკანონობის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იყო ამავე საქმეში, რომლებიც დაუშვებლად ცნო სასამართლომ.  სასამართლომ პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ის, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდება არც კი მიუთითებდა, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულება თუ ფაქტობრივი გარემოება მიანიშნებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე",- წერია საია-ს განცხადებაში. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაცვის მხარემ იშუამდგომლა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე,რადგან მათი თქმით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით საკმარისი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.

"დაცვის მხარის მიერ პროცესზე წარდგენილ იქნა  უზენაესი სასამართლოს მიერ 20-მდე მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც პოლიციელზე თავდასხმად სასამართლომ არ შეაფასა ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც კი, როგორებიცაა პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახის არეში მუშტის გარტყმა არაერთხელ, თვალბუდის, ტუჩის დაზიანება, 4 პირის მიერ 2 პოლიციელის ცემა და ა. შ. აღნიშნულით საბუთდება, რომ მზიას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კანონით დადგენილი სტანდარტი ",- აღნიშნავს დაცვის მხარე. 

მათივე ინფორმაციით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო  17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლომ მზია ამაღლობელი დაცვის უფლების განხორციელების გარეშე დატოვა, რასაც ქართულ მართლმსაჯულებაში უპრეცედენტოდ მიიჩნევენ.

"მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად  ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა",- წერია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში