მათე დევიძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

28 თებერვალი 2025, 18:23 121 ნახვა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძე პატიმრობაში რჩება- გადაწყვეტილება თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე.ადვოკატები სასამართლო სხდომაზე გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ მისცა: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა დავით ჩხარტიშვილმა და შსს-ს ექსპერტიზის სამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინე ყუფარაძემ. სასწრაფოს ექიმმა თქვა, რომ მასთან მივიდა პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომლის გადმოცემითაც, “უცნობმა პირმა გადაატეხა ხელჯოხი და მხრის არეში აღენიშნებოდა სიწითლე და მტკივნეულობა”, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, სად ჰქონდა პოლიციელს სიწითლე.“სავარაუდოდ, მხრიდან იწყებოდა და უკან მიდიოდა”, - თქვა მან.
ადვოკატები დაინტერესდნენ, როგორ დაუწითლდა უკანა მხარე, როცა ჯოხი მათე დევიძემ, პროკურატურის თქმით, წინიდან გადაარტყა.შსს-ს ექსპერტმა დაადასტურა, რომ ვიდეომტკიცებულებებში ასახული ახალგაზრდა კაცი სწორედ მათე დევიძეა.
მათე დევიძის საქმეზე სამი პოლიციელია დაზარალებული, მათგან ორი უკვე გამოიკითხნენ.მათე დევიძეს 21 წელი საპატიმროში შეუსრულდა. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი