საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ.
მდინარაძის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება, ამის გამო ამუნათებდნენ.
„უკან გადავახვიოთ ცოტა, რატომ ხდება ისე, რომ ამ ქვეყანამ მთელს მსოფლიოს დაასწრო სამი წლით განცხადებები, რომლებზეც უდიდესი ბულინგი მიდიოდა არათუ პოლიტიკოსის, ჟურნალისტის, რომელიც გაიზიარებდა ოდნავ მაინც ამ პათოსს, არამედ „ქართული ოცნების“ რიგითი ამომრჩევლის, უბრალოდ ობიექტურად მოფიქრალი და მოლაპარაკე ადამიანის მიმართ. ხომ გახსოვთ კამპანია, რომელიც ფინანსდებოდა უდიდესი თანხებით, USAID-ის და სხვა ორგანიზაციების ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა იმაში, რომ უბრალოდ დასამუნათებელი ამბავი ყოფილიყო. გვახსოვს, რომ სამი და ორი წლის წინ, ერთი წლის წინ, რამდენიმე თვის წინაც კი, რასაც დღეს ამერიკელები საუბრობენ, ტრამპი საუბრობს, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი რუსეთუმედ, მოღალატედ მონათვლის საფუძველი იყო.
ამიტომ, ყოველთვის ცოტა წინ მაინც უნდა გაიხედონ ხოლმე ამ ადამიანებმა, რომლებიც, როგორც აქტორები ასეთ კამპანიებში იღებენ მონაწილეობას. სიმართლე თავის კალაპოტს ყოველთვის პოულობს. რაც არ უნდა კამპანია დაალაგონ და შეფუთონ, არ არსებობს, რომ სიმართლემ თავისი გზა და კვალი არ იპოვოს. დღეს ამერიკელი იტყვის იგივეს, ხვალ ევროპელი რომელიღაცა ბიუროკრატი, რომელიც იძულებული გახდება ასე ილაპარაკოს ან სხვა ბიუროკრატი, რომელიც უბრალოდ სიმართლეს ილაპარაკებს. უკრაინას შეეძლო, თავიდან აეცილებინა ომი. ჩვენ რომ ამას ვამბობდით, ამაზე გვამუნათებდნენ, საკუთარ და სხვის შვილებს ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.