შშმ პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა

06 თებერვალი 2025, 10:15 133 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დაზარალებული გადაიბირეს და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. ექსპლუატაციით მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ.

"ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ პროკურატურაში. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში