ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს

09 იანვარი 2025, 10:58 169 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი ფრანჩესკო პასარო ორ სეტში 6:3 6:3 დაამარცხა და დიდი სლემის ძირითად ბადეში 2023 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

ბოლოს ნიკოლოზმა სწორედ ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა და მაშინ ბასილაშვილი ტურნირს ტეილორ ფრიტსთან (6:4 6:2 4:6 7:5) მარცხის შემდეგ პირველი წრიდან გამოეთიშა.

ამ ტურნირზე მისი კარიერის საუკეთესო შედეგი კი მესამე ეტაპზე გასვლაა, რომელიც სპორტსმენმა 2018 და 2019 წლებში მოახერხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის მატჩები კი 12 იანვარს დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში