4 დღე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე - რა გაგემა აქვს სალომე ზურაბიშვილს? ცნობილია, რომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი არჩევნებს არ აღიარებს. ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები ბოლო ორი დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციამ ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადა და მზადყოფნა აღუთქვა, რომ ისინი 29 დეკემბრის შემდეგ მასთან, სასახლეში დარჩებიან.
რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჩართულობით მუშაობა დაიწყო დოკუმენტზე, სადაც მათი თქმით, გაიწერება ახალი არჩევნების ჩატარების საფუძვლები და პირობები. რამდენად ექნება ამ დოკუმენტს იურიდიული ძალა - ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი არის წინსწრებით მომზადებული სამოქმედო გეგმა, იმ შემთხვევისთვის, როცა ქართული ოცნება უკან დაიხევს. ნაწილი კი ხისტი ნაბიჯების გადადგმას და პრეზიდენტისგან პარლამენტის დათხოვას ითხოვს.
რამდენად აქვს პრეზიდენტს ამის უფლებამოსილება - ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ვინც ამ საკითხს დღის წესრიგში აყენებს კონსტიტუციას არ იცნობს. პარლამენტის დათხოვის საფუძველი შეიძლება გახდეს მიზეზი, თუკი მთავრობა ორი მცდელობის შემდეგ ვერ მტკიცდება. ამ შემთხვევაში კი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს მთავრობა უკვე დამტკიცებული ჰყავს.