ეუთო/ოდირის ანგარიშში გამოთქმული კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ სურათს - "გახარია საქართველოსთვის"

21 დეკემბერი 2024, 13:16 213 ნახვა

ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა მონაცემების არასწორად გამოყენების შესახებ ჩვენი პარტიის მიერ გამოთქმულ ეჭვებზე, როდესაც მოვითხოვეთ ბაზების გასაჯაროება, რაზეც ეჭვის საფუძვლიანობის მიუხედავად ცესკო-მ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პარტიის განცხადებაში წერია,  26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის არის აუცილებელი.

„ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების პრინციპს; საარჩევნო დარღვევებზე დავის გადაწყვეტის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა.

 

ანგარიში ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა მონაცემების არასწორად გამოყენების შესახებ ჩვენი პარტიის მიერ გამოთქმულ ეჭვებზე, როდესაც მოვითხოვეთ ბაზების გასაჯაროება, რაზეც ეჭვის საფუძვლიანობის მიუხედავად ცესკო-მ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა.

 

ანგარიში პირდაპირ აკავშირებს არჩევნებთან, ქვეყანაში მიმდინარე მასიურ საპროტესტო აქციებს და ხაზს უსვამს აქციების ძალადობრივად დაშლისა და მომიტინგეთა დაპატიმრების ფაქტებს. ასევე, ანგარიში საუბრობს აქციების მონაწილეთა და ჟურნალისტების მიმართსასტიკ მოპყრობაზე.

 

ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას.

 

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ წინასაარჩვენო გარემოში, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში