ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან.
"მინდა, გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის პროცედურის შემოღების დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში.
ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა.
თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%-ით. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს.
„შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან, ასევე დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა.
"ევროპა, ევროკავშირი კონკრეტულად დღეს დგას ძალიან რთული გამოწვევების წინაშე. ხედავთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, არის პოლიტიკური კრიზისი, არაერთ ქვეყანაში, ევროკავშირის მასშტაბით, კრიზისია ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანაში - საფრანგეთში და გერმანიაში. ჯერ მაკრონის, შემდეგ შოლცის მთავრობებს გამოუცხადეს უნდობლობა შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებმა. არის ქვეყნები, სადაც ძალიან მყიფე კოალიციებია შექმნილი, სადაც გამარჯვებული პარტიები ვერ ახერხებენ მთავრობის ფორმირებას, არის უმძიმესი მდგომარეობა უკრაინაში და სირიაში, რაც არის ევროკავშირის პრობლემაც და არის ეკონომიკური სტაგნაცია მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ზოგიერთ შემთხვევაში რეცესიასთან, ანუ ეკონომიკურ შემცირებასთანაც კი გვაქვს საქმე.
ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები საქართველოს შანტაჟისთვის იცლიან და უკვე ჩავარდნილი მაიდნის მხარდაჭერას ცდილობენ, ეს არის გაუგებარი. თუმცა, გამოჩნდა, რომ ამ შანტაჟს არავითარი ძალა არ აქვს, რასაც ჩვენს მიერ 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც შეუწყო ხელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან, დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა. ეს მცდელობა და შანტაჟი გრძელდება სამი წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა სამი წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი მათ შორის იმისათვის, რომ აღდგეს ქართული საზოგადოების თვალში დაკარგული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.