ეს ყველაფერი დასრულდება და იმედი გვაქვს, დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიისწრაფვის - კახა კალაძე

15 დეკემბერი 2024, 16:12 223 ნახვა

ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეებია, ბოლო წლებია, ბოლო დღეებია, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ესტონეთის მიერ კიდევ 14 თანამდებობის პირის სანქცირების საკითხი და აღნიშნა, რომ ყველაფერი დასრულდება აშშ-ის ახალი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყების შემდეგ.

„კარგად ვხედავთ, თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტი, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ქართველი მაღალი თანამდებობის პირების სანქცირება დროებითი პროცესია.

„საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება. იქნება განსხვავებული მსოფლიო, განსხვავებული ევროპა, ისეთი ევროპა, როგორიც წარმოგვიდგენია ჩვენ, ქართველებს და ქართველების უმრავლესობა მიისწრაფვის. ისეთი ევროპა დაბრუნდება და გვინდა დაბრუნდეს, რადგან დღეს რაც ხდება, მას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს არის უსამართლობის და ყოველგვარი სიბინძურის კადრების სრული პიკი, თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის. ეს ყველაფერი დასრულდება და იმედი გვაქვს, დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიისწრაფვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში