საარჩევნო კოლეგია, დღეს, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს

14 დეკემბერი 2024, 10:02 204 ნახვა

დღეს, საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით აირჩევს. პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

პარლამენტის სასახლეში კენჭისყრის პროცესი 09:00 საათიდან დაიწყო და 14:00 საათამდე გაგრძელდება.

კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, მინიმუმ, 151 წევრის დასწრება, ხოლო, პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა კოლეგიის, სულ მცირე, 200 წევრის ხმა.

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება. კოლეგიის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 109 წევრიდან „ქართულ ოცნებას“ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო, რვა ოპოზიციურ პარტიას – 55. იმის გამო, რომ ოპოზიციამ საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნა, მათთვის განსაზღვრული 55 ადგილი მმართველმა გუნდმა შეავსო, რის გამოც საარჩევნო კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ 211 წევრი ჰყავს, საიდანაც 89 წევრი პარლამენტიდან არის, 13 წევრი – აჭარის უმაღლესი საბჭოდან, ხოლო, 109 წევრი – საკრებულოებიდან.

პარლამენტი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას ცესკო-ს საშუალებით უზრუნველყოფს.

პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, სხდომაზე შეაჯამებს, რომელიც, არჩევნების მსგავსად, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში