აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

12 დეკემბერი 2024, 14:03 196 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის არიან „კოალიცია ცვლილებისთვის“, ორგანიზაციების – „ნაბიჯის“, „დაიტოვეს“ წევრების და ნოემბრის საპროტესტო აქციების სხვა აქტივისტები. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს. აქტივისტებს 10 ნოემბერს – მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების, 17 ნოემბერს კი ვარაზის ხევისა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვას ედავებიან.

აღნიშნულის ორგანიზებაში ნიკა გვარამიას ადანაშაულებენ, თუმცა იმის გამო, რომ გვარამია სხვა საქმეზე ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება, დღევანდელ პროცესზე არ არის წარმოდგენილი და მისი საქმე მოსამართლემ ცალკე გამოყო.

გვარამიას საქმეს 23 დეკემბერს განიხილავენ. როგორც შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ქუჩები აქციის მონაწილეებმა ხელოვნურად გადაკეტეს, დემონსტრანტების რაოდენობა არ საჭიროებდა ქუჩების გადაკეტვას და ამის დამადასტურებელი შესაბამისი ვიდეომტკიცებულებაც გააჩნიათ. რაც შეეხება აქციის მონაწილეთა პოზიციას, მათი ადვოკატების განცხადებით, ადგილზე აქციის ათიათასობით მონაწილე იყო და ტროტუარზე ფიზიკურად ვერ განლაგდებოდნენ, შესაბამისად, ქუჩების გადაკეტვა ლეგიტიმური იყო.

ადვოკატების თქმით, მათ შეკრების თავისუფლებისა და მანიფესტაციის ჩატარების უფლება აქვთ, მათ შორის, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ტრანსპორტის შეფერხებით, თუ ხალხის რაოდენობა ამის საჭიროებას მოითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში