საქართველოს პროკურატურამ ბათუმში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.