როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი - პრემიერი

08 დეკემბერი 2024, 15:03 247 ნახვა

როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულ საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას.

„სანქციებზე საუბარი, ცოტა არასერიოზულია და დიდი ხანია არასერიოზული სახე შეიძინა ამ ყველაფერმა. რაც შეეხება კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ – როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი.

 

მინდა, შეგახსენოთ, რას ითვალისწინებს ეს კანონი. ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება დაკანონდეს ერთსქესიანი არც ქორწინება და არც პარტნიორობა, არ შეიძლება ამას კანონის სახე მიეცეს. ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება ქირურგიული ჩარევით საქართველოში სქესის შეცვლა. არ შეიძლება ვინმემ დაგაძალოთ, რომ მაინცდამაინც ნეიტრალური ტერმინოლოგია გამოიყენოთ სქესთან დაკავშირებით. არ შეიძლება, კანონში განისაზღვროს ორის გარდა სხვა სქესთა ე.წ. სპექტრი და ა.შ. ანუ, უმარტივესი კანონია, უმარტივეს თემებზეა ამ კანონში საუბარი. 20 წლის წინ, ასეთ თემებზე რომ ვიღაცას დაეწყო საუბარი, ალბათ გაუკვირდებოდათ. თუმცა, დღეს სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე – დღეს გვეუბნებიან, რომ ქალის და კაცის გარდა აუცილებლად კანონში უნდა გვეწეროს ბევრი სხვა სქესი. ეს უბრალოდ გაუგონარი რამეა. უფრო მეტიც, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ეს და ევროინტეგრაცია არის ერთი და იგივე. არ არის ეს სწორი მიდგომა. ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში