ირაკლი კობახიძესთან ერთად დებატებში მონაწილეობაზე თინა ხიდაშელიც უარს აცხადებს

04 დეკემბერი 2024, 17:37 433 ნახვა

მიხეილ ჯანელიძის შემდეგ, ირაკლი კობახიძესთან ერთად დებატებში მონაწილეობაზე თინა ხიდაშელიც უარს აცხადებს - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად რა და როგორ მიმაჩნია სწორად, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.  ძალიან ბევრი რამეა იმ არარაობისთვის სათქმელი, თავს რომ პრემიერს ეძახის, იმ აუდიტორიის წინაშე, სადაც თავს უკეთ და კომფორტულად გრძნობს. მჯერა, რომ ყველა მათი ტრიბუნა უნდა დავიკავოთ და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში ჩავაყენოთ. ჩემთვის, და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ნაწილმა ეს ვერ გაიგო და სამწუხარო კითხვები გაჩნდა.

– იმ დიდი სათქმელიდან, რომელიც უნდა უთხრა და სახე აახიო, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას. საკუთარი ხალხის, ქვეყნის პატივისმცემელი ადამიანი იმწამსვე, როდესაც მას უთხრეს, საქარველოში გაჩნდნენ ბიჭები და გოგონები, რომლებიც სულისშემძვრელ ისტორიებს ყვებიან

– პოლიციელების ძალადობის შესახებ;

– დუბინკებით გაუპატიურების მუქარის შესახებ;

– გოგონები ყვებიან, როგორ გადაყავდათ დაჩოქილები პოლიციის მანქანით და სხვა ….

იმ წამსვე უნდა მიდიოდეს ამ ადამიანებთან, უნდა ეძებდეს მათ, კარს თუ არ გაუღებენ, ყველაფერი გააკეთოს, რომ დაელაპარაკოს და მათთან ერთად მოძებნოს, პასუხი მოსთხოვოს, დასაჯოს ყველა სადისტი და მოძალადე. მაგრამ როდესაც ამის საწინააღმდეგოდ ამ უსულო მოძალადეებს დილა-საღამოს მადლობას უხდი, თავადაც ისეთივე უსულო მოძალადე, მათი წამხალისებელი და მხარდამჭერი ხარ და სწორედ ამიტომ, უბრალოდ, კი არ უნდა წახვიდე, არამედ კანონის ყველაზე მეტი სისასტიკით უნდა დაისაჯო.

მთავარი სათქმელი ეს არის:

– შეხვდი, დაელაპარაკე ნაცემ, ნაწამებ ადამიანებს…

– აღასრულე სამართალი მათთვის და მათი სახელით….

PS. ამასობაში დღეს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს“, - წერს თინა ხიდაშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში