პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 3 პირს პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა

03 დეკემბერი 2024, 21:12 186 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო დამწვრობის სახით.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე დღეს, მეორე ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 1-ელ დეკემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახს, რა დროსაც დაზიანდა და განადგურდა ოთახში არსებული ნივთები. 

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 1-ელ დეკემბერს დააკავეს. ერთ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ ბრალდებულს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში