ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი არის კიდევ ერთი დასტური, რომ არჩევნები აღიარებულია, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია საფუძველს მოკლებულია - პრემიერი

02 დეკემბერი 2024, 18:05 254 ნახვა

დღეს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით – საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება.

„ეუთო/ოდირი არის ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი. ეს თავდასხმა დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე და გრძელდება არჩევნების ჩატარების შემდეგ. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეუთო/ოდირმა, რომელიც არის მთავარი სადამკვირვებლო მისია, რომელიც აკვირდებოდა ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული. ამ თავდასხმების ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ დღეს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით – საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, ამაზეც არის საუბარი. კიდევ ერთხელ, ამ წერილში საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა მოქალაქეებს ფართო არჩევანი შესთავაზა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ პირობებში. ასევე აქ საუბარია გარკვეულ კრიტიკულ შენიშვნებზე. ასეთი ტერმინია გამოყენებული, გარკვეული კრიტიკული შენიშვნები და ჩამონათვალია ასეთი, ამომრჩეველზე ზეწოლასა და ფინანსურ უთანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და სხვა. თემა რაც ჰქონდათ მთავარი ოპოზიციის წარმომადგენლებს, იყო ე.წ. გაჟონვის თემა. ეს საკითხი საერთოდ არ არის ნახსენები წერილში, გამომდინარე იქიდან, რომ, რეალურად, ეს საკითხი საერთოდ არ იყო აქტუალური. ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები არის აღიარებული, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია საფუძველს მოკლებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო მთლიანად ეუთო/ოდირს, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიას არჩევნებზე დაკვირვებისა და მათი ობიექტური შეფასებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში