ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული - მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2024, 19:42 298 ნახვა

ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული, განსაკუთრებით ამორალურია, როდესაც ეს არის პოლიციელის, ჟურნალისტის თუ სხვა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისათვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება.

„მინდა, ჩემი მხრივ გამოვიჩინო ამ მიმართულებით ინიციატივა და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის პირად შემადგენლობას, თითოეულ პოლიციელს, რომლებიც დიდი მოთმინებით და პროფესიული საქმიანობის ზედმიწევნით სწორად, პატიოსნად შესრულებით ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას და მოცემულ შემთხვევაშიც – გუშინ, გუშინწინ, მძიმე სამუშაოს მიუხედავად, ცდილობენ მოითმინონ ყველა ის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც მათ მიადგებათ ხოლმე დემონსტრანტების მხრიდან და თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ამის პარალელურად, მაინც ზედმიწევნით პირნათლად ასრულებენ.

 

ასევე, არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ოდნავ დეტალურად: პირველი – თუ ვინმე აპროტესტებს და ეს გასაპროტესტებელია, დიახ, თავად ვეთანხმები. პირველი ამას ვიტყვი, რომ მართლაც საშინელი, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ძირს დაცემულ, წაქცეულ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, ამას შემთხვევით არ ვამბობ, ამ ამბამდე და ამ ინციდენტამდე 5 თუ 10 წუთით, თუ ერთი საათით ადრე. მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისათვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება", - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში