ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

29 ნოემბერი 2024, 18:38 56 ნახვა

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლის ნაცვლად, საქართველოში დემოკრატიის მუდმივი უკუსვლა შეინიშნება.

„ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მცდელობები, როგორც ეს 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კიდევე ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს იყო საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება, 2022 წლის მარტში შეეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და მას 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისა და გაწევრიანების პროცესში წინსვლის ნაცვლად, საქართველოში დემოკრატიის მუდმივი უკუსვლა შეინიშნება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. დაფიქსირებული საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობასა და ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები პროევროპელი ქართველების უფლებებით, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ მთავრობის გეგმის წინააღმდეგ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. ვგმობთ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და დავეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებასა და პროდემოკრატიულ მოძრაობებს ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნებაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში