ზოგადად, ჩვენ ვხედავდით, რას ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესის იარაღად გამოყენება. ევროინტეგრაცია უნდა იყოს თანხმობის ინსტრუმენტი და ზოგიერთი შიდა თუ გარე ჯგუფების მიერ ეს გამოყენებული იქნა ზეწოლის, ჩარევის, განხეთქილების, პოლარიზაციის იარაღად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი განცხადებით გარკვეული ჯგუფების განიარაღება მოხდა.
„ჩვენ რაც გავაკეთე დღეს ჩვენი განცხადებით, ეს არის სწორედ ამ ჯგუფის განიარაღება, რომ არ ჰქონდეთ იარაღი, რომლითაც იმოქმედებენ ჩვენს საზოგადოებაზე. ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში აქ ჩამოსული პოლიტიკოსები, აღმოსავლეთ ევროპელები განსაკუთრებით გამოირჩევიან ამით, პირობებს გვიყენებენ, რა უნდა გავაკეთოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ.
ნაცვლად იმისა, რომ გვესაუბრონ იმ თემებზე, რაც მართლა ევროინტეგრაციის საკითხია, გვესაუბრებიან იმაზე, რაც არ არის ევროინტეგრაციის საკითხი. გვესაუბრებიან ოჯახური ღირებულებების კანონზე, რომელიც კავშირში არ არის, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც ასევე არ არის კავშირში ევროინტეგრაციასთან. ამიტომ, ჩანს, რომ სინამდვილეში ინტერესი არის, რომ ეს ერთი პროცედურული ნაბიჯი, რომელიც არის ერთ-ერთი იმ მრავალი ნაბიჯიდან, რომელიც წინ გვაქვს, გამოიყენონ.
მოლაპარაკების გახსნა არ არის, რომ მოხდება ერთხელ გახსნა, რაღაც პერიოდის მერე დახურვა და მორჩა, თითქოს ორი გადაწყვეტილებაა, ორივეს სჭირდება კონსენსუსი. ასეთი მოლაპარაკების გახსნა ჩვენ გვექნება 35, ვინაიდან არის 35 თავი გაწევრიანების პროცესისა, 35-ჯერ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, გახსნა-შესრულება-დახურვა.
ის ისტერია, რაც უნდათ, რომ დათესონ და იარაღად გამოიყენონ, ჩათვალეთ, რომ ამას 70-ჯერ ასე გამოიყენებენ ეს ჯგუფები შიგნით და გარეთ, რომლებსაც სურთ, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიონ. ამიტომ ჩვენ ვთქვით, ჩვენ ამ საქმეს ჩვენით გავაკეთებთ, ვალდებულებები ვიცით, გაწერილია, რა უნდა გაკეთდეს 2027 წლის ჩათვლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.