ტელეკომპანია ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ დევნის ფაქტზე ორი პირია მხილებული

27 ნოემბერი 2024, 17:04 263 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ დევნის ფაქტზე ორი პირი ამხილა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 ივლისს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც გორი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსებში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით კი 25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ ორმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და მათზე ფიზიკურად იძალადა. მიყენებული დაზიანებების გამო, ოპერატორი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, მოპოვებული იქნა ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ჩატარდა ამოცნობა და დაინიშნა ექსპერტიზა",-  ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში. 

დანაშაულში მხილებულ პირებს ე.გ.-ს და თ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში